საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში მორიგი კორექტირება შეიტანა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე დარჩება. 

უფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით (31.01.21). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ს კოდი LIME);

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

აღსანიშნავია, რომ NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები. გამორიცხული არ არის საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები ისევ გაახანგრძლივოს.

ამიტომაც მგზავრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მგზავრობის დაგეგმვისას ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.