საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, 15 სტაჟიორი შეარჩია. კომპანიამ ივლისის თვეში სოციალური გვერდის საშუალებით, ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3 დან 6 თვემდე პერიოდზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოაცხადა და 180 შემოსული რეზიუმედან საბოლოოდ 15 კანდიდატი შეარჩია. ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნა იყო. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით  დასაქმდნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, კომპანია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

“ჩვენ მუდმივად ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და აქვთ დასაქმებისა და განვითარების სურვილი. ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში კომპანიაში შემოვიდა 180 რეზიუმე, საიდანაც შევარჩიეთ დაახლოებით 140 კანდიდატი, ტესტირებაზე გამოცხადდა 65 მათგანი. მათგან შეირჩა 15 სტაჟიორი. სტაჟირების პერიოდში  დარიცხული ანაზღაურება  625 ლარია, სტაჟირების შემდეგ ტესტირება წარმატებით გაიარა ყველა მათგანმა და დაინიშნნენ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1250 ლარი,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

ამ ეტაპზე,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების კოორდინაციის სამსახურში დასაქმებულია 1 სტაჟიორი, დაკარგული ბარგის სამსახურში – 2 სტაჟიორი, მგზავრთა მომსახურების სამსახურში – 7 სტაჟიორი, ბაქანის მომსახურების სამსახურში – 5 სტაჟიორი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას hr@airports.ge -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს.