საქართველოსა და თურქმენეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს.
„საქმე იმაშია, რომ თურქმენეთში ბევრი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მას შემდეგ რაც დაიწყო ფრენები აშხაბადი-ერევანი მიმართულებაზე, ამ რეისით ერევანში ბევრი ჩადის. თუმცა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ერევანში ჩასვლა არ შეუძლიათ და მათ საბორნო მიმოსვლით გადაადგილება უწევთ. თუ კი აქ (თბილისში) ამ რეისს ავამოქმედებთ, მაშინ ეთნიკური აზერბაიჯანელები და მით უმეტეს 400 ათასი თურქმენი თბილისში მარტივად ჩამოსვლას შეძლებს. საქართველო იქნება როგორც ჰაბი, საიდანაც მოხვედრა შესაძლებელია როგორც ბაქოში, ასევე ერევანში ისე, რომ არავის ეროვნულ გრძნობებს არ შევეხოთ“, აცხადებს თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეტმურად მურატოვი.
როგორც ელჩი აცხადებს, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის ავიამომოსვლაზე ორივე მხრიდან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Turkmenistan Airlines-ი აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით, 2016 წლის სექტემბრიდან რეგურალური ფრენების დაწყებას გეგმავდა.
2016 წლის 4 ივლისს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა. მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი – თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას 2016 წლის 17 სექტემბრიდან განიხილავდა – მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნებოდა.
შეგახსენებთ, რომ Turkmenistan Airlines-ი 1992 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 11 ქვეყნის 15 სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანიის მფლობელობაში 30-მდე სხვადასხვა ტიპის ავიახომალდი შედის.