„სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ში აქცენტი ავიაციაზეც კეთდება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში „ღია ცის“ პოლიტიკის ხელის შეწყობაზეცაა საუბარი.

“სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხელი შეეწყობა „ღია ცის“ პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას, ფრენის ინტენსივობის ზრდას და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ავიამიმოსვლის ხელმისაწვდომობას, ასევე, ყოველწლიურად მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას”, აღნიშნულია პროგრამაში.

გიორგი გახარიას „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ში საქართველოში Ryanair-ის შემოსვლაზეცაა საუბარი.

“ამ მხრივ, აღსანიშნავია ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, რომელიც 2020 წლისთვის უკვე 3 მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ამასთან, ავიაკომპანია ეტაპობრივად გაზრდის პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით.

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარებას.”, ხაზგასმულია სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.