ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რამდენიმე სადეპუტატო შეკითხვას ერთდროულად სცემს პასუხს და განმარტავს, რომ მისი უწყება რუსეთთან ფრენების აღდგენაზე არც ფარულ და არც ღია მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა.

„2023 წლის 24 მაისის N3800/3-81/23 წერილში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ აწარმოებს და არც მანამდე აწარმოებდა ფრენების აღდგენის მიზნით ოფიციალურ, მითუმეტეს, ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან.

აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და კატეგორიულად უარვყოფთ მსგავსი ფაქტის არსებობას“, -აღნიშნულია ლევან დავითაშვილის ოფიციალურ პასუხში, რომელიც მინისტრმა 7 ქალ დეპუტატს მისწერა.

მინისტრის პასუხის ადრესატები კი არიან ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და თინათინ ბოკუჩავა.