სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA), ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში განსახილველად “საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ პროექტი გამოიტანა. 

ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-4 დანართის (PART-147) მოთხოვნების გათვალისწინებით და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სწავლების, საგამოცდო მოთხოვნების, შეფასებისა და სასწავლო პროგრამების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით.

წესის მოქმედება გავრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მფლობელებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მომზადებას.

ნორმატიული აქტით, დეტალურად ხდება ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების მატერიალურ ტექნიკურ ბაზასთან, მის პერსონალთან, სასწავლო მასალებთან, სასწავლო პროცედურებთან და ხარისხის სისტემასთან, საბაზო და საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებასთან, გამოცდებთან და პრაქტიკული სწავლების შეფასებასთან, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების აღიარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. წესი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, ცვლილების შეტანასთან, სერტიფიკატის შეზღუდვასთან / შეჩერებასთან / გაუქმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

ნორმატიული აქტის მიღება 2022 წლიდან იგეგმება.

წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/

შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: air@gcaa.ge