გიფიქრიათ რა ბედი ეწევა თვითმფრინავებს, როდესაც მათი ექსპლუატაციიდან ამოღება ხდება?

ასეთ ხანდაზმულ ან საფრენად არავარგის თვითმფრინავების ნაწილს უტილიზაციისთვის გზავნიან, ხოლო ნაწილს კონცეპტუალურ დაწესებულებებად აქცევენ. 

ერთიანი ასაკი თვითმფრინავის ხანდაზმულობის შესახებ არ არსებობს. ყოველ ავიაკომპანიას ხანდაზმულობის საკუთარი შინაგანაწესი აქვს.

ის საჰაერო ხომალდებიც კი, რომელიც საფრენად არავარგისად მიიჩნევა, ღირებული “ნივთია”. მასში ტონობით შავი და ფერადი ლითონია, ასევე კილოგრამობით ვერცხლი, ოქრო და პლატინა. მას შემდეგ რაც თვითმფრინავს ღირებულ ელემენტებს გამოაცლიან, დარჩენილ კორპუსს გადამუშავებისთვის ან ჯართში გზავნიან. იმ შემთხვევაში თუ კორპუსი კარგია, მას ეკიპაჟის სასწავლო-საწვრთნელ მოწყობილობად (საწაფად) იყენებენ. მაგალითად ასე მოხდა, Virgin Atlantic-ის კუთვნილი Boeing-747-ს შემთხვევაშიც. როდესაც მას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და ფრენისთვის გამოუსადეგარი გახდა, Virgin Galactic-ის კუთვნილებაში გადავიდა, სადაც კოსმოსური ფრენებისთვის საჭირო სწავლებების ჩატარება ხდება.

ზოგ შემთხვევაში კერძო პირები ძველ თვითმფრინავებს ყიდულობენ და მას სასტუმროდ, რესტორნად ან ზოგადად ტურისტული დანიშნულების ობიექტად “აქცევენ” ხოლმე

ამის საუკეთესო მაგალითია სტოკჰოლმის აეროპორტში განთავსებული Jumbo Stay Hostel-ი, რომელიც რეალურად ძველ, Boeing-747-შია განთავსებული. თვითმფრინავი ინვესტორმა 2006 წელს შეიძინა. ლაინერიდან 450 სავარძლის დემონტაჟი მოახდინა და მასში რამდენიმე პატარა ოთახი განათავსა. ჰოსტელში სულ 76 ნომერია.

ბაჰრეინში კი სპეციალურად ჩაძირეს Boeing-747, რათა დაივერებისათვის წყალქვეშა თემატური პარკი შეექმნათ.

საქართველოში, ქალაქ რუსთავში კი ძველ თვითმფრინავში საბავშვო ბაღი გახსნეს. პროექტის ავტორმა გარი ჭელიძემ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისგან ძველი თვითმფრინავი იყიდა და სპეციალურად ბავშვებისათვის მოაწყო. საბავშვო ბაღის “შენობაში” პილოტის კაბინა და 1500 ღილაკი ისევ შემორჩენილია. 

თუმცა ყველა თვითმფრინავს ასე არ უმართლებს. აშშ-ი, არიზონას შტატში მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავების სასაფლაო არსებობს. თვითმფრინავის “დაძველების” შემდეგ მისი უტილიზაცია აუცილებელია, თუმცა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მფლობელის ფინანსურ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც ექსპლუატაციიდან ამოღებული თვითმფინავები დიდი ხნის განმავლობაში “რჩებიან” აეროდრომებსა თუ ანგარებში.

მასალა მომზადებულია tengrinews.kz-ის სტატიის მიხედვით.