სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს ეგიდით და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მასპინძლობით, სასტუმრო „რედისონში“ საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის საკითხებზე რეგიონალური სემინარი გაიმართა. ღონისძიებას თხუთმეტი ქვეყნის ორმოცამდე დელეგატი, მათ შორის საავიაციო ხელისუფლებების, საავიაციო სასწავლო დაწესებულებების, ICAO-ს და IATA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამ დღიანი (14-16 ოქტომბერი) სემინარის ფარგლებში, რომელსაც საავიაციო ინგლისურის საერთაშორისო ასოციაციის (ICAEA) წამყვანი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, მონაწილეები გაეცვნენ იმ საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრისათვის გამოიყენება. სწავლება ითვალისწინებდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ჰარმონიზებული ტესტების შემუშავება და შესაბამისი მეთოდოლოგიის დახვეწა, სარადიოტელეფონო კავშირი პილოტებსა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს შორის, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საავიაციო შემთხვევები და ა.შ. სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
2003 წლიდან, ICAO-ს მიერ დადგენილია საავიაციო ინგლისურის ცოდნის სტანდარტები და კრიტერიუმები. სარადიოტელეფონო კავშირის წარმოებაში ჩართული პილოტებისა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისათვის მოთხოვნების დაწესება აუცილებელი გახდა, რათა მინიმუმამდე დაყვანილიყო ადამიანური ფაქტორით გამოწვეული იმ საავიაციო შემთხვევების რაოდენობა, რომელშიც განმსაზღვრელი იყო ჰაერში კომუნიკაციისას დაშვებული გაუგებრობა (misunderstanding). ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრისათვის აუცილებელ ტესტირებას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც სათანადო უფლებამოსილება მოპოვებული აქვთ სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებებისგან.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძალაშია საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების ახალი წესი (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N595 დადგენილება), რომელიც შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარადიოტელეფონო კავშირის დროს წამოჭრილი შესაძლო გაუგებრობების მინიმუმამდე დაყვანა სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების ვალდებულებების დანერგვის გზით. ნორმატიული აქტი შეესაბამება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9432 “რადიოტელეფონის სახელმძღვანელოში“ აღწერილ პროცედურებს.