ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის წმინდა მოგებამ, 2019 წლის პირველ ნახევარში, 1,15 მლრდ ევროს მიაღწია.

Ryanair-ის ​ინფორმაციით, კომპანიის ტრაფიკი 11%-ით გაიზარდა და მგზავრთნაკადმა 86 მლნ მგზავრს მიაღწია. კომპანიის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში შემოსავალი ერთ მგზავრზე 1%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში Ryanair-ის შემოსავალი 11%-ით არის გაზრდილი და 5,39 მლრდ ევროს აღწევს. ძირითადად ზრდა განპირობებულია გერმანიასა და ავსტრიაში მოთხოვნის ზრდით. ამავდროულად მგზავრთა უფრო მეტი რაოდენობა ირჩევს „პრიორიტეტს“.

რაც შეეხება ფრენებს, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 90%-ი დროულად შეასრულა. კომპანიის ანგარიშში მითითებულია, რომ საანგარიშო პერიოდში 5 ახალი ბაზა გახსნა ბორდოში, მარსელში, ტულუზაში, საუთენდ-ონ-სსა და ბერლინში.

Ryanair-ის ​მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ასევე ახალ ბაზრებზე. კომპანიის მიხედვით, Ryanair-თვის 39-ე და მე-40 ქვეყანა საქართველო და სომხეთია.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამცირებს ნახშირორჟანგის ემისიას, იყენებს სისტემებს, რომელიც შეამცირებს გამონაბოლქვს.

Ryanair-ის გარემოზე ზრუნვის ახალი პოლიტიკის თანახმად, კომპანია 5 წელში აღარ გამოიყენებს პლასტმასს, შეამცირებს ხმაურის გამოყოფას ერთ ადგილზე 40%-მდე, 2030 წლისთვის CO2-ის გამოფრქვევა 10%-ით შემცირდება, იმუშავებს პარტნიორებთან გარემოს დაცვის მიზნით.

კომპანია აღნიშნავს, რომ ავიაცია პასუხისმგებელია იზრუნოს CO2-ის შემცირებაზე და ამ მიზნით ევროპული ავიაკომპანიები იხდიან გარემოს გადასახადს. Ryanair-ი წელს 630 მლნ ევროს გადაიხდის გარემოს გადასახადის სახით.

აღსანიშნავია რომ კომპანიას საწვავის ხარჯი 22%-ით 1,6 მლრდ ევრომდე გაეზარდა, რაც განპირობებულია, ავიასაწვავის გაძვირებითა და მოთხოვნის ზრდით.