ქართულ ავიაბაზარზე IndiGo-ს შემოსვლა, მნიშვნელოვანია იმისათვისაც, რომ საქართველოში მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უკვე აზიის რეგიონიდან – აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი. როგორ გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, საბოლოოდ IndiGo-თან მოლაპარაკებები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მასში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართულნი.

“IndiGo მგზავრთნაკადის მხრივ ინდოეთის ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა. კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერ ავიაკომპანიასთან ვმუშაობთ, რომ დავაინტერესოთ ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლით, IndiGo-ს ასეთი შემთხვევაა. IndiGo როდესაც თავის ჩამონათვალში თბილისს, საქართველოს, ამატებს ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გააჩნიათ გარკვეული ძალა რომ ეს ინფორმაცია გაშალონ  მილიონობით მომხმარებელში, მგზავრზე და ალბათობა იმისა, რომ ისინი ისინი უფრო წარმატებით შეძლებენ ამას ვიდრე სხვა რიგითი ავიაკომპანია, დიდია. სწორედ ამიტომ IndiGo იყო სავარაუდო პარტნიორ ავიაკომპანიების სიაში. მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვადასხვა უწყება, მათ შორის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს და პირადად ელჩის სახით. მე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მათთან შეხვედრაზეც ვიყავით ინდოეთში. საბოლოოდ ჩვენ მოხარულნი ვართ, რო მომავალი წლის გაზაფხულიდან ისინი პირდაპირი ავიარეისების შესრულებას დაიწყებენ და ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში მეტი ტურისტი მოვიზიდოთ უკვე აზიის რეგიონიდან”, აცხადებს ჩოგოვაძე.

შეგახსენებთ, რომ დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე, IndiGo-ს (InterGlobe Aviation Limited) პირველი, პირდაპირი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.

2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.