ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელის მაიკლ ო’ლირის ინიციატივაა, რომ რეისებზე მხოლოდ იმ მგზავრების დაშვება მოხდეს, რომლებიც COVID-ვაქცინირებულნი არიან. მან ასევე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს იდიოტები უწოდა, რადგან მათ სჯერათ მთავრობებისა და დიდი ფარმაცევტული კორპორაციების შეთქმულების თეორიების.

“ვაქცინირებული არ ხარ? ხოდა ვერ შეძლებ საავადმყოფოში წასვლას, ფრენას, ლონდონის მეტროში ჩასვლას, ადგილობრივ სუპერმარკეტში ან აფთიაქში წასვლას”- განუცხადა The Telegraph-ს  ო’ლირიმ თავისი ხედვების შესახებ.

ო’ლირის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაურთულოს ცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებიც უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, რადგან მათ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და სხვა ადამიანების დაინფიცირება.

“შეგიძლიათ იჯდეთ სახლში და შეუკვეთოთ მედიკამენტები და საკვები მიტანის გზით. მაგრამ არ უნდა წახვიდე სამსახურში ან ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სანამ ვაქცინაციას არ ჩაიტარებ“, – დასძინა Ryanair-ის ხელმძღვანელმა.

ო’ლირი პროგნოზირებს, რომ Ryanair-ი ომიკრონის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილზე 1 მლნ-ით ნაკლებ მგზავრს გადაიყვანს.

Ryanair-ის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ შობა-ახალის წლის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება, რადგან ახალი შტამი ნაკლებად საშიში იქნება. თუმცა, არსებულმა გაურკვევლობამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ ჯავშნებზე.