უკრაინული “ლოუქოსტერი” SkyUp Airlines-ი 2022 წელს  საკუთარი ავიაფლოტისა და ფრენების გეოგრაფიის ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე მგზავრებზე მორგებული ახალი სერვისების დამატება.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის დიმიტრი სეროუხოვის განმარტებით, 2021 წელს SkyUp Airlines-მა 2,6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს კი ის უფრო მეტ მგზავრს პროგნოზირებს. 

“მომავალ წელს ვგეგმავთ ჩვენი ფლოტის გაფართოებას 15-დან 22 თვითმფრინავამდე, ვაგრძელებთ ფრენის რუკის შემუშავებას და ახალი მიმართულებების დამატებას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ზაფხულის ფრენების პროგრამა ასზე მეტი მარშრუტით კიევიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ზაპოროჟიედან და ოდესიდან ევროპის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის 30-ზე მეტ ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთის, საფრანგეთის, საქართველოს, ისრაელის, საუდის არაბეთის, ყაზახეთისა და იტალიის მიმართულებით”, – განაცხადა სეროუხოვმა.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ 2021 წელს SkyUp Airlines-ის თანამშრომლების რაოდენობა 800-დან 1,2 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

“მომავალ წელს ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას მგზავრებისთვის მოსახერხებელი და სასარგებლო სერვისებისა და პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებაზე. კერძოდ, ვიწყებთ მოკლე მოგზაურობის ახალ ფორმატებს – CityBreaks და Weekend for U”, – დასძინა სეროუხოვმა.

დღეს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი 15 თვითმფრინავს მოიცავს.