როგორია უკრაინელი ფოტოგრაფის ანდრეი პახომოვის თვალით დანახული უკრაინის სამოქალაქო ავიაცია? ანდრეი პახომოვი საკუთარ სოციალურ ქსელში ხშირად დებს ბორისპოლის აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს, სადაც ამა თუ იმ ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის აფრენა თუ დაფრენაა ასახული. ფოტოგრაფი ამბობს, რომ გადაღებისას აქცენტს იშვიათი ტიპის თვითმფრინავებზე აკეთებს და ცდილობს, რომ ავიაფოტო საინტერესო გახადოს.

ანდრეი პახომოვი მიიჩნევს, რომ თუ ცხოვრებას თვითმფრინავების გვერდით გაატარებ, ბუნებრივია, რომ სწორედ მათ გადაიღებ.

როგორც AviaNews-თან საუბრისას ფოტოგრაფმა განაცხადა, მას საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს. ცხოვრების გარკვეული წლები მან აფხაზეთში, კერძოდ კი სოხუმში გაატარა, რადგანაც მისი მშობლები, ამჟამად უმოქმედო, ბაბუშერას აეროპორტში მუშაობდნენ.

“მე ბავშვობა სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში გავატარე. იქ ჩემი მშობლები მუშაობდნენ. ჯერ კიდევ სკოლამდე მამაჩემთან ილ-14-ზე მიფრენია.

სკოლის შემდეგ კიევის სამოქალაქო ავიაციის ინჟინერთა ინსტიტუტი დავამთავრე და 1984 წელს სოხუმში დავბრუნდი.

ფოტოგრაფიასთან მე-9 კლასიდან ვმეგობრობ (დეიდამ 20 რუბლი მაჩუქა და ფოტოაპარატი «Смена-8М» ვიყიდე).

ინსტიტუტში ფოტოჰობი გავაგრძელე.

თუ ცხოვრებას თვითმფრინავების გვერდით გაატარებ, ბუნებრივია, რომ სწორედ მათ გადაიღებ. თვითმფრინავები – ტრანსპორტის ყველაზე ლამაზი სახეობაა.

1988 წელს კიევში გადავედი საცხოვრებლად – იმიტომ, რომ დავოჯახდი.

როცა ციფრული ფოტოტექნიკა გაჩნდა, ჩემმა ჰობიმ ახალი სუნთქვა შეიძინა.

1993 წლიდან ვმუშაობ რადარზე, რომელიც „ბორისპოლის“ აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან 600 მეტრშია. ეს ძალიან კარგი წერტილია გადაღებისთვის.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ციფრული ფოტოკამერა მაქვს, რა თქმა უნდა, ბევრს ვიღებდი, მათ შორის ავიაციას.

რამდენიმე ფოტო უკრაინულ ჟურნალ DFoto-ში გამოქვეყნდა, მაგრამ ისინი არაა დაკავშირებული ავიაციასთან.

„უკრაერორუხის“ ფოტოკონკურსებში ერთხელ გავიმარჯვე, ორჯერ პრიზიორი ვიყავი (2-3 ადგილი).

ვაგრძელებ ფოტოგადაღებას. ვეძებ „ბორისპოლისთვის“ იშვიათი ტიპის თვითმფრინავებს, მზის ჩასვლას ვიღებ, „წყვილ“-ფოტოებს. მოკლედ, ვცდილობ, ავიაფოტო საინტერესო გავხადო.

ახლა, ფოტოკამერის გარდა, დრონიც მაქვს კარგი კამერით. მაგრამ აეროპორტებთან და ტრაექტორიებთან ახლოს გადაღება აკრძალულია (და საშიში), ამიტომ დრონით გადაღებული საავიაციო თემატიკის ფოტოები არ მაქვს.

აი, ასე ვცხოვრობ”, განუცხადა AviaNews-ს ანდრეი პახომოვმა.

ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საუკეთესო ფოტოები იხილეთ აქ: