თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძე 2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის 59%-ის დაბრუნებას პროგნოზირებს. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 2022 წლის პროგნოზი ის 2021 წლის დონზე (83%) რჩება.

როგორც თეა ზაქარაძემ AviaNews-თან საუბრისას განაცხადა, 2021 წელს აეროპორტმა მგზავრთნაკადის 46%-ის დაბრუნება მოახერხა, ხოლო ბათუმის აეროპორტმა კი 83%-ის.

“2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 683 529 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის მონაცემების მხოლოდ 46%-ს შეადგენს, მგზავრთა ეს რაოდენობა 2014-15 წლებში გვყავდა. სამწუხაროდ 2022 წელს თბილისში პოზიტიური პროგნოზი არ გვაქვს, ჩვენი გათვლებით ვფიქრობთ, რომ ამ წელს 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის 59%-ს დავიბრუნებთ.

გაცილებით პოზიტიური ციფრები გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იმის მიუხედავად, რომ აეროპორტი 10 თვე სრულად დაკეტილი იყო და არ ოპერირებდა, 2021 წელი 516 085 მგზავრით დავასრულეთ, რამაც 2019 წლის მგზავრთნაკადის 83%-ი შეადგინა”, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. დეკემბერში ჩატარებული აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.

ცნობისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე ოპერირებადი 45 ავიაკომპანიიდან 37 კომპანიამ, ანუ 82%-მა ფრენები აღადგინა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 26 ავიაკომპანიიდან 22 ავიაკომპანია ანუ 85%-ი დაბრუნდა და რეგულარული თუ ჩარტერული ფრენების შესრულება განაახლა. 

შეგახსენებთ, რომ TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia -ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.