ევროპული ავიაკომპანიებისთვის, რუსეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, ჩინურ ავიაკომპანიებთან კონკურენცია რთულია. აღნიშნული მოსაზრება ფრანკო-ჰოლანდიური ალიანსის Air France – KLM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენჯამინ სმიტმა Financial Times-თან ინტერვიუში გააჟღერა.
უმოკლესი საჰაერო მარშრუტები ევროპიდან აზიაში გადის რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ევროკავშირის ავიაკომპანიები, რუსეთის უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ანუ თითქმის ერთი წელია რუსეთის საჰაერო სივრცეს არ იყენებენ და ალტერნატიული მარშრუტებით გადაადგილდებიან.
„ფრენის დრო პარიზიდან სეულში სამი საათით გაიზარდა“, – ამბობს სმიტი. ამ ვითარებაში კი „ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ფრენა რუსეთის თავზე“ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, Air France-KLM-ის ალიანსმა პანდემიის შემდეგ პირველად მოგება აჩვენა, პირველ რიგში, ევროკავშირსა და აშშ-ში სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გამო, ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
წელს ეს და სხვა ევროპული ავიაკომპანიები დიდ იმედებს ამყარებენ ჩინელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც ცდილობენ ძველი სამყაროს ღირსშესანიშნაობების მონახულებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.
დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ დაკეტა თავისი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. საპასუხოდ, რუსეთმა მიიღო სარკისებური ზომები და აკრძალა ფრენები ქვეყნის ტერიტორიაზე 36 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირისა და კანადის ავიაკომპანიებისთვის.