საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია. ​AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის იანვარში რეგულარული და ჩარტერული რეისებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 65 234 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 19%-ი მოდის.

იანვრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით, 40 060 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც იანვრის მაჩვენებლებით ბაზრის 9%-ის მფლობელია. Pegasus Airlines-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 31154 მგზავრს მოემსახურა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი, რომლის საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 6%-ის მფლობელია და ლიდერთა რეიტინგშიც მეთხე პოზიციას იკავებს. მეხუთე პოზიციაზე კი პროცენტული კუთხით ორი ავიაკომპანიაა: ბელარუსული ავიაკომპანია Belavia (5%) და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai (5%).

იანვრის მაჩვენებლების მიხედვით ბაზრის 4%-ის მფლობელია ისრაელის ავიაკომპანია EL AL.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვითვე ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არაბული ავიაკომპანია Air Arabia, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი, არაბული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi.

საქართველოს ავიაბაზარზე 2-2%-იანი წილით არიან წარმოდგენილნი Aircompany Armenia, LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი, Fly Arystan-ი.

2023 წლის იანვრის სტატისტიკით, ეროვნული ავიაკომპანიების წილი 4%-ია. საიდანაც 3%-ს Georgian Airways-ი ფლობს, ხოლო 1%-საც Tbilisi Airways-ი, რომელიც ძირითადად ჩარტერულ რეისებზეა ორიენტირებული. 2023 წლის იანვარში Tbilisi Airways-ი 2889 მგზავრს მოემსახურა.

სამწუხაროდ 2023 წლის იანვარში გასული წლის იანვრის სტატისტიკიდან განსხვავებით ვეღარ მოხვდნენ უკრაინული ავიაკომპანიები. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ (24 იანვარი) უკრაინის საჰაერო სივრცე უსაფრთხოების გამო სამგზავრო გადაზიდვებისთვის ჩაკეტილია და შესაბამისად უკრაინული ავიაკომპანიები (FlyUIA, SkyUp Airlines, Bees Airline, YanAir Airlines) 2023 წლის იანვრის სტატისტიკაში აღარ ფიქსირდებიან.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს, თუ თვეს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.