ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან – 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
„5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.
16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00-დან 18:00 საათამდე. საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 -დან – 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე. 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე: რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება: სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით; პირველ გზაჯვარედინამდე;დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.