ექსპერტებმა დაასახელეს რამდენიმე საშუალება, რაც ხელს შეუწყობს ტრავმის რისკის შემცირებას და გაზრდის გადარჩენის ალბათობას თვითმფრინავის საგანგებო სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში. მათი შეფასებით, თვითმფრინავის კატასტროფა საკმაოდ იშვიათად ხდება, თუმცა მისი 100%-ით გამორიცხვა შეუძლებელია. ამის დადასტურებაა ინციდენტი, რომელიც რამდენიმე კვირის უკან სტამბოლის აეროპორტში Pegasus Airlines-ის თვითმფრინავს შეემთხვა.

ექსპერტებმა ჩამოთვალეს რამდენიმე ქმედება, რაც ავარიის შემთხვევაში, ტრავმის ალბათობის შემცირებას ხელს შეუწყობს.

უპირველეს ყოვლისა, თვითმფრინავში ადგილი უკანა რიგებში უნდა დაჯავშნოთ. ეს ადგილები ზოგადად მგზავრებს შორის დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს, თუმცა ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე სხვა რომელიმე ადგილი თვითმფრინავში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ავიაკატასტროფების დროს გარდაცვლილთა 39%-ი სწორედ თვითმფრინავის შუა ნაწილში მჯდომ მგზავრებზე მოდის, ხოლო 38%-ი წინა ნაწილში მჯდომ მგზავრებზე. 

თვითმფრინავის ბოლო ნაწილში მჯდომ მგზავრებზე კატასტროფების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 32%-ია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმფრინავის გასასვლელ ნაწილში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 44%-საც კი აღწევს. 

მგზავრის ტანსაცმელს ასევე შეუძლია, რომ გაზარდოს უსაფრთხო გაქცევის შანსი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ვრცელდება ფეხსაცმელებზე. მისი გახდა დაუშვებელია თვითმფრინავის აფრენა/დაფრენის დროს, რადგანაც სწორედ ამ დროს ფიქსირდება ავიაკატასტროფების უმეტესობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხშიშველა ადამიანის უსაფრთხოება მინიმუმამდეა დასული. 

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ისიც, თუ რა მასალისგან არის დამზადებული მგზავრის ტანსაცმელი. სასურველია, რომ ის არ იყოს დამზადებული მარტივად აალებადი მასალისგან. 

ატარეთ ბამბის, მატყლის ან ნეილონისგან დამზადებული სამოსი. 

და კიდევ ერთი რჩევა, ის შეეხება ილუმინატორის ჟალუზებს. ექსპერტების აზრით, აფრენა/დაფრენის დროს ის აუცილებლად აწეული უნდა იყოს. აღნიშნულისკენ მოწოდებას თავად ბორგამცილებლებიც აკეთებენ. 

ღია ილუმინატორი ხელს უწყობს მგზავრებს იმაში, რომ მათი თვალი თვითმფრინავის გარე ნათებებს მიეჩვიოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციაში.

ასევე ის ხელს უწყობს ეკიპაჟის წევრებსაც, რომ ადრევე დაინახონ მოსალოდნელი და გაიაზრონ ვითარება. საგანგებო სიტუაციების დროს თითო წამიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და ამ ფონზე ღია ილუმინატორი უსაფრთხოების გაზრდის გარანტიაცაა.