ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit Airlines-ის საქმიანობის შეწყვეტამ და Ryanair-ის ხელმძღვანელის, მაიკლ ო’ლირის გაფრთხილებამ ევროპული გადამზიდავების შესაძლო გაკოტრების შესახებ, მოგზაურებში ბილეთების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები გააჩინა. სტანდარტულ სიტუაციაში, რეისის გაუქმებისას ავიაკომპანია ვალდებულია დააბრუნოს თანხა ან მგზავრი სხვა რეისზე გადააყვანოს, თუმცა გაკოტრებისას კომპანია ფაქტობრივად წყვეტს არსებობას, რაც პროცესს ართულებს.
ავიაკომპანიის კრახის დროს გადახდილი თანხის დასაბრუნებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა საბანკო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციის გასაჩივრება, ე.წ. „ჩარჯბექია“ (chargeback). თუ ბილეთები საკრედიტო ბარათით გაქვთ შეძენილი, შეგიძლიათ ბანკს მიმართოთ მოთხოვნით, რომ მომსახურება არ იქნა გაწეული. მიუხედავად იმისა, რომ სადებეტო ბარათებზე ეს წესი ყოველთვის არ ვრცელდება, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დანიასა და პორტუგალიაში, მომხმარებლებს მსგავსი უფლებით სარგებლობა ამ შემთხვევაშიც შეუძლიათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმი სამოგზაურო დაზღვევაა. მოგზაურებს ურჩევენ, პოლისის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ისეთ პუნქტებს, როგორიცაა „ავიაკომპანიის გაკოტრების შემთხვევის დაზღვევა“ (scheduled airline failure insurance). როგორც წესი, ეს ოპცია სტანდარტულ პაკეტში არ შედის და მისი დამატება ცალკეა საჭირო, თუმცა გაკოტრების შემთხვევაში დაზღვევამ შესაძლოა აანაზღაუროს როგორც გამოუყენებელი ბილეთის ღირებულება, ისე ახალი რეისის შეძენის ხარჯები.
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია მაშინ გაკოტრდა, როდესაც მგზავრი უკვე მოგზაურობაში იმყოფება, სხვა გადამზიდავებმა შესაძლოა შესთავაზონ ე.წ. „სამაშველო ტარიფები“ (rescue fares). მაგალითად, Spirit Airlines-ის შეფერხების ფონზე, JetBlue-მ და Delta-მ დაზარალებულ მგზავრებს სპეციალური ფასდაკლებული ბილეთები შესთავაზეს, რათა მათ დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა შეძლონ. ექსპერტები მოგზაურებს ურჩევენ, ბილეთების შეძენამდე წინასწარ გადაამოწმონ გადახდის მეთოდები და დაზღვევის პირობები, რათა მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციებისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი.












