აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტმა (Zayed International Airport) უპრეცედენტო ინიციატივა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს Duty-Free ზონაში შოპინგი და კვება ავიაბილეთის გარეშეც შეეძლებათ. ახალი წესების მიხედვით, ვიზიტორებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ხუთ საათამდე დროის გატარება შეეძლებათ, რისთვისაც მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია და აეროპორტის ვებგვერდიდან საშვის მიღებაა საჭირო.
ინიციატივა, რომელიც რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ვიზიტორებს სთავაზობს წვდომას საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებზე, რესტორნებსა და კაფეებზე, რომლებიც აქამდე მხოლოდ მგზავრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს პროექტი მიზნად ისახავს აბუ-დაბის იდენტობისა და ფუფუნების საგნის დემონსტრირებას მშვიდ გარემოში, მგზავრობისთვის დამახასიათებელი სტრესისა და ჩქარების გარეშე. აღსანიშნავია, რომ Duty-Free ზონაში შესვლისას ვიზიტორებს სტანდარტული უსაფრთხოების პროცედურების გავლა მოუწევთ, ხოლო ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის შეძენა მათთვის შეზღუდული იქნება.
ვიზიტორებისთვის დაწესებულია გარკვეული შეღავათებიც — მინიმუმ 200 დირჰემის დახარჯვის შემთხვევაში, ისინი ოთხსაათიანი უფასო პარკირებით ისარგებლებენ. თუმცა, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აეროპორტის ტერიტორიაზე ლეპტოპებისა და პლანშეტების შეტანა აკრძალულია. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი აეროპორტს არა მხოლოდ სატრანსპორტო კვანძად, არამედ ცხოვრების სტილისა და გართობის მნიშვნელოვან ლოკაციად აქცევს.












