4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება.
SkyUp Airlines-მა ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს.
„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას  კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი იწყებს. ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ“,- განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.