ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა და იმ 300 ზე მეტი აეროპორტის გაერთიანების წევრი გახდა, ვისაც მსგავსი აუდიტი აქვს გავლილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავება IATA-ს სტანდარტების სრული დაცვით ხდება და საჰაერო ხომალდები ოპერირებას მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც შეუფერხებლად შეძლებენ. DAQCP არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტების შემადგენელი ნაწილი. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტის (DAQCP) მთავარი მიზანია თვითმფრინავების ოპერირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდა, როგორც მოყინვის საწინააღმდეგო ტექნიკა და სითხეები, ასევე სახელმძღვანელოები, პროცედურები და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტმა (DAQCP) ქუთაისის აეროპორტში, შენიშვნების გარეშე ჩაიარა.
,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რესერტიფიცირების შემდეგ საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტიც წარმატებით გაიარა. აუდიტის ეს დასკვნა არის დასტური ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მათ ოპერირებას ხელი არანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში არ შეეშლება. ქუთაისის აეროპორტი სრულ შესაბამისობაშია ICAO-სა და IATA-ს სტანდარტებთან,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.
საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტები აეროპორტებში ყოველწლიურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ტარდება და IATA-ს კომიტეტის მიერ ე.წ. Check list-ის საფუძველზე ხორციელდება. საკონტროლო სიების განახლება წელიწადში ერთხელ, მოყინვის საწინააღმდეგო უახლესი ტექნიკის განხილვის შემდეგ ხდება და SAE-ის შესაბამის სტანდარტების დოკუმენტებს შეესაბამება. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტში (DAQCP) გაერთიანებულია 130 მდე წამყვანი ავიაკომპანია. მათ შორის ის ავიაგადამზიდები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ოპერირებენ (WIZZ AIR, FLYARYSTAN).