ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან რკინიგზის დასაკავშირებლად საქართველოს მთავრობა 3 ვარიანტს განიხილავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, აღნიშნული პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებით თავის დროზე დაიდო დასკვნა.
“თუმცა ამ დასკვნას ახლა სჭირდება განახლება. მას შემდეგ რამდენიმე რეისი დაემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 27 მიმართულებით დავიწყებთ ფრენებს”, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აკაკი საღირაშვილის თქმით, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობს სამი სცენარი.
პირველია: არსებული კოპიტნარის სადგურის რეკონსტრუქცია, რომელიც დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს აეროპორტიდან და შემდეგ შატლებით გადაადგილება.
მეორე: 700 მეტრში ტერმინალიდან, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა იქ მოეწყოს ბაქანი და საფეხმავლო ან სხვა გზებით მოხდეს მგზავრების გადაადგილება.
მესამე: საკუთრივ აეროპორტთან მოეწყოს ტერმინალი. ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობისას დაანონსდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რკინიგზა დაუკავშირდებოდა. არსებული გათვლებით, სამშენებლო სამუშაოები ახლა აქტიურ ფაზაში უნდა იყოს.