2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების  8.7 მილიონი შემოსვლა, რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

“საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.2 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით  11.1 პროცენტით არის გაზრდილი.

2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 16.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები  იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2018 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1,204.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 25.9 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.8 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა.

2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3,624.4 ათასი და 2,104.6 ათასი ვიზიტი.

2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 7.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 21.8 პროცენტით გაიზარდა და 1,082.7 ლარი შეადგინა.