კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი გეგმავს, რომ 18 მიმართულებაზე გამტარუნარიანობა დროებით შეამციროს, რათა დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს მიეცეს საშუალება 2022 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის დროს სხვა ავიაკომპანიებსაც სრულყოფილად მოემსახუროს.
როგორც AviaNews-ს საქართველოში Qatar Airways-ის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს, ჩემპიონატის პერიოდში ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს შეამცირებს დოჰასა და თბილისს შორისაც და ყოველდღიური რეისების ნაცვლად კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში Qatar Airways-ი 1-16 ნოემბერს დოჰასა და თბილისსა ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს, ხოლო 17 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით კვირაში 5 სიხშირით.
იმავდროულად, Qatar Airways-ი 1-16 ნოემბრის პერიოდში დოჰასა და თბილის შორის რეისებს დღისით შეასრულებს, ხოლო 17 ნოემბერი-21 დეკემბრის პერიოდში ღამით.
22 დეკემბრიდან 2023 წლის 26 მარტამდე პერიოდში კი ავიაკომპანია ისევ დღის რეისების შესრულებას დაუბრუნდება და დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.
მთლიანობაში, კატარი დაახლოებით 1,2 მილიონი გულშემატკივრის მიღებას ელის. ღონისძიებაში 32 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, მატჩები კი დოჰას ცენტრში რვა სტადიონზე გაიმართება.
აეროპორტში ადგილები მიეცემათ საერთაშორისო გადამზიდველებს, მათ შორის British Airways-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა დოჰას მიმართულებით Airbus A380-ით ყოველდღიური ფრენების დაწყების შესახებ. (18 ნოემბრიდან 8 იანვრამდე პერიოდში)