ოთხშაბათს ნორვეგიის ქალაქ ბერგენის აეროპორტმა 2,5 საათით მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ აეროპორტის მიდამოში დრონი შენიშნა.

”ჩვენ არ ვიცით იყო თუ არა მეტი დრონი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სულ მცირე ერთი იყო”, – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

აღნიშნული აეროპორტი სიდიდით მეორეა ნორვეგიაში და წელიწადში 6 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. გარდა ამისა, ის მდებარეობს ნორვეგიის მთავარ საზღვაო ბაზასთან ჰაკონსვერნში.

პოლიციას მომხდარში ეჭვმიტანილების ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.

გარდა ამისა, კიდევ ერთი დრონი შენიშნეს ფორდას პატარა აეროპორტის მახლობლად და მისი მუშაობაც მცირე ხნით შეწყდა.

Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იყო მრავალი ცნობა დრონების შესახებ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის პლატფორმებთან და სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან. Avinor იტყობინება, რომ 2022 წელს სამოქალაქო აეროპორტების მიდამოებში უკვე 50-ჯერ აკვირდებოდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის 27-ჯერ ივლისის შემდეგ.

2019 წელს ასეთი 44 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს 14 და 2021 წელს 17 შემთხვევა.