საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით შემოსავლების კუთხით განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება.
„ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩვენს პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენენ, ეს შედეგითაც ჩანს. ევროკავშირი შემოსავლებით მეორე ადგილზეა, რაც ძალიან სასიხარულოა და კიდევ უფრო მეტ იმედს გვაძლევს, რომ წლის ბოლომდე უფრო გაიზრდება შემოსავლები,“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით სექტემბერში ტურიზმის აღდგენის კუთხით შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.
„ჩვენ სექტემბრის თვეში განსაკუთრებით პოზიტიური მაჩვენებელი გვაქვს შემოსავლების კუთხით, აღდგენას უკვე გადავაჭარბეთ და გვაქვს 118 %-იანი შედეგი 2019 წელთან მიმართებით. იანვარი-სექტემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების აღდგენა 68%-მდეა, შემოსავლების აღდგენა კი 98%-ია. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორთა საერთაშორისო რაოდენობაში ტურისტული ვიზიტების წილი გავზარდეთ, რაც ავტომატურად აისახება მაღალ შემოსავალზე. ეს შედეგია მთელი რიგი აქტივობებისა რომელიც ხორციელდება არამხოლოდ საჰაერო წვდომის გაზრდის მიმართულებით, არამედ აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოებით ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე,“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.