ქართული სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს “ცის დედოფალმა” ტექნიკური შემოწმება წარმატებით გაიარა. როგორც AviaNews-ს GEO SKY-ში განუცხადეს, Boeing 747-236SF-მა, სარეგისტრაციო ნომერი: 4L-GEN, მწარმოებლის მიერ დადგენილი გეგმიური კალენდარული ტექნიკური შემოწმება, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გაიარა. საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმების პროცესი 45 დღეს გაგრძელდა და ლაინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაბრუნდება და მალევე ოპერირებას შეუდგება.

იმავდროულად, ჯაკარტაში გაემგზავრა GEO SKY-ს მეორე Boeing 747-281BF, სარეგისტრაციო ნომერი: 4L-GEO, რომელსაც ასევე გეგმიური ტექნიკური შემოწმება უწევდა და ისიც სავარაუდოდ 40-45 დღის შემდეგ შეუდგება ოპერირებას.

“იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდმა შეინარჩუნოს საფრენად ვარგისობის სერტიფიკატი, რეგულარულად უტარდება გეგმიური ტექნიკური მომსახურება.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ავიაკომპანია GEO SKY-ს გააჩნია 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდზე პერიოდული ტექნიკური მომსახურების სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ახორციელებს თავის ექსპლუატაციაში მყოფი ბორტების პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

ჯაკარტაში Boeing 747-200-ის ტექნიკური დათვალიერების სერვისი კომპანია GMF Aero Azia-მ უზრუნველყოფს

GEO SKY პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს ასრულებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

GEO SKY-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. GEO SKY ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.