ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ავიაპარკიდან Boeing 747-ების ამოღების შემდეგ, ბორტზე კვების ურიკების რეალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ავიაკომპანიამ გასაყიდად გამოიტანა ასევე 160 მინიატურული ბოთლი ღვინო, 2 ბოთლი შამპანური, პიჟამებისა და პლედების კომფლექტი და ასევე სამზარეულოსა და საპირფარეშოს სხვადასხვა აქსესუარები.
Qantas-ს მიერ გასაყიდად გამოტანილი პროდუქციით სავსე ურიკის ღირებულება 1000 დოლარზე მეტი იყო, ხოლო ნახევრად სავსე ურიკის ფასი კი 686 დოლარს შეადგენდა. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, Qantas-ის Boeing 747-ის ბორტიდან ამოღებული ნივთების რეალიზაცია 2 საათში მოხდა. მისივე განმარტებით, ავიაკომპანიის ნივთებზე ზოგადად დიდი მოთხოვნაა, რადგანაც ბევრ ლოიალურ მგზავრს სურვილი აქვს, რომ ესა თუ ის ნივთი სახლში რელიკვიად ჰქონდეს.
ოქტომბერში Qantas-ი საქველმოქმედო აუქციონზე Boeing 747-ის გარკვეული ნივთების რეალიზაციას ისევ გეგმავს და შემოსულ თანხას მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
შეგახსენებთ, რომ Qantas-მა Boeing 747-ით ბოლო რეისი 2020 წლის ივლისში განახორციელა.