პირდაპირი ავიარეისების შეზღუდვის შემდეგ, ​საქართველოსა და ჩინეთს შორის, შუალედური პუნქტის გამოყენებით, 2 ფრენა განხორციელდა. საუბარია ავიაკომპანიების Myway Airlines-სა და Mandarin Airlines-ის რეისებზე. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში AviaNews-ს განუცხადეს, ორივე შემთხვევაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდა საჰაერო ხომალდზე არსებული ყველა პირი.

ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებაში განმარტავენ, 2020 წლის 28 იანვრიდან დღემდე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ განხორციელებულა.

“რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის შუალედური პუნქტის გამოყენებით, განხორციელდა 2 ასეთი ფრენა:

პირველი ფრენა განახორციელა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა Boeing 737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის მიზანს წარმოადგენდა ტვირთის, კერძოდ კი პირბადეების ტრანსპორტირება. საჰაერო ხომალდი 6 თებერვალს გაემგზავრა თბილისიდან ტაშკენტში, ტაშკენტში მოხდა ტვირთის (პირბადეების) დამატება საჰაერო ხომალდზე, ხოლო ტაშკენტიდან გაფრინდა ურუმჩიში. ურუმჩიდან, სადაც ეკიპაჟი არ გადმოსულა ბორტიდან, საჰაერო ხომალდი ალმაატის გავლით (ტექნიკური მიზნით დაფრენა) ჩამოფრინდა თბილისში 7 თებერვალს – მგზავრებისა და ტვირთის გარეშე.

რაც შეეხება მეორე ფრენას, იგი შესრულდა ურუმჩიდან, ტაშკენტის გავლით, თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია Mandarin Airlines-ის მიერ, Gulfstream G650ER-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. აღნიშნული ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი 31 იანვარს გადაფრინდა ურუმჩიდან ტაშკენტში სადაც ათი დღე დაჰყო და 11 თებერვალს ტაშკენტიდან ჩამოფრინდა თბილისში (აღნიშნული რეისით, საქართველოში ჩამოვიდა 6 მგზავრი).

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდა საჰაერო ხომალდზე არსებული ყველა პირი, პირველ შემთხვევაში ეკიპაჟი (რეისი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თბილისში დაბრუნდა მგზავრების და ტვირთის გარეშე), ხოლო მეორე შემთხვევაში როგორც ეკიპაჟის წევრები, ისე ბორტზე მყოფი ექვსივე მგზავრი”,- განუმარტეს AviaNews-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.