საქართველოში ჩეხეთის რესპულიკის საელჩოს და ჩეხეთის რესპულიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიწვევით, პრაღაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი შედგა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პრაღის ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მონაწილეები დეტალურად გაეცნენ აეროპორტში მიმდინარე საქმიანობას, ოპერირებისა და ბარგის დამუშავების სამუშაო პროცესს, სააეროდრომო და სახანძრო დაცვის უზრუნველყოფის სისტემებსა და აღჭურვილობებს. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ საავიაციო ტექნიკური აღჭურვილობებისა და საშუალებების ისეთ წამყვან მწარმოებლებს, როგორიცაა Transcon, ERA, ICZ და Czechoslovak Group.

სასწავლო ვიზიტის დასასრულს, შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც ქართული მხარის მიერ დადებითად შეფასდა განვლილი აქტივობები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფორმატი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.