თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები დაიწყო. ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ მარშრუტზე Pegasus Airlines-ი ოპერირებას 2020 წლის 1-ელი მარტიდან შეუდგება. ბილეთის ფასი კი 59.99 დოლარიდანაა (ერთი გზა).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგის მიხედვით, Pegasus Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. 2018 წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა სავარაუდოდ, დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.
ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს.