ავიაკომპანია Lufthansa-ს აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) 6.428 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. მიზეზი კი ავიაკომპანიის მიერ FAA-ს ნებართვის გარეშე სან-დიეგოსა და ფილადელფიის აეროპორტებიდან 900-მდე განხორციელებული რეისია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას FAA-ს პრესსამსახური ავრცელებს. 
“უცხოურ ავიაკომპანიებს მხოლოდ რეგულარული ავიარეისების განხორციელება შეუძლიათ იმ აეროპორტებში, რომელიც ჩამოთვლილია FAA-ს საექსპლუატაციო მახასიათებლებში. თუმცაღა არც ერთი აეროპორტი მითითებული არ იყო Lufthansa-ს ოპერაციულ მახასიათებლებში”,- ნათქვამია განცხადებაში. 
2018 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 27 მაისამდე პერიოდში Lufthansa-მ ფრანკფურტსა-სან-დიეგოს შორის 600-მდე რეისი განახორციელა, ხოლო 2018 წლის 28 ოქტრომბრიდან 2019 წლის 10 აპრილამდე პერიოდში ფრანკფურტიდან ფილადელფიის მიმართულებით კი 292 ავიარეისი.

Lufthansa-ს 30 დღე აქვს იმისათვის, რომ FAA-ს ოფიციალურად უპასუხოს.