თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ პენდიკ-საბიჰა გოგჩენის აეროპორტის მეტროს ხაზის სატესტო მატარებლის მართვაში მიიღო მონაწილეობა. ე.წ ტესტდრაივი ქურთქოისა და საბიჰა გოგჩენის აეროპორტის სადგურებს შორის შესრულდა.
საბიჰა გოგჩენის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა კარაისმაილოღლუმ განაცახადა, რომ ვიდრე მსოფლიო კრიზისს უმკლავდება, მთავრობა მუშაობს თურქეთის მომავალზე ქვეყნის მასშტაბით 700 ათასამდე კოლეგასა და 5 ათასამდე მშენებელ ორგანიზაციასთან ერთად.
„ჩვენ დღეს ინვესტიციის ბოლო ეტაპზე გადავედით და ყველა ტრანზაქცია დავასრულეთ, ასევე სატესტო გავლაც შესრულდა. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო საგამოცდო პერიოდის შემდეგ, ოქტომბრიდან ქადიქოი-ქართალის მეტროს ხაზს გავხსნით. ვამაყობთ და მოხარული ვართ, რომ მოქალაქეებს ვთავაზობთ მეტროს კომფორტს გოგჩენის აეროპორტსა და სტამბოლს შორის გადაადგილებისთვის“, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
საბიჰა გოგჩენი მსოფლიოში ლიდერი აეროპორტების რიცხვშია, რომელიც ყოველდღიურად 600-ზე მეტ საჰაერო ხომალდსა და 105 ათას მგზავრს ემსახურება.
„საბიჰა გოგჩენის და სტამბოლის აეროპორტები უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტებია თურქეთისთვის, რომელიც ვითარდება, იზრდება და მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშია. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას განვითარებაში და ოქტომბრიდან, წლის ბოლომდე, ყოველთვიურად, სტამბოლში მეტროს ახალი, მნიშვნელოვანი ხაზი გაიხსნება, ხოლო 2023 წელს მეტროს კიდევ 4 ახალი ხაზის მშენებლობას დავასრულებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.