ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი 29 ოქტომბრიდან 2022-2023 წლის ზამთრის სეზონისთვის ბრიუსელის ეროვნულ – „ზავენტემის“ აეროპორტში ორხომალდიან ბაზას ხურავს.

ავიაკომპანია მიზეზად ასახელებს მაღალ ხარჯებს, აეროპორტის მოსაკრებლიდან დაწყებული, ახალი გადასახადებით დამთავრებული, რომელიც ბელგიის მთავრობამ შემოიღო. თუმცა, ირლანდიური ბიუჯეტური გადამზიდავი განაგრძობს ოპერირებას 12 მიმართულებით, რისთვისაც ბელგიის გარეთ ბაზირებულ საჰაერო ხომალდს გამოიყენებს.
ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო ლეარიმ ბელგიის მთავრობა „სასაცილო“, „იდიოტური“ და „აბსურდული“ გადასახადების შემოღებისთვის გააკრიტიკა.

„ეს ზამთარი გამოწვევებით სავსე იქნება ზეთზე არსებული მაღალი ფასების გამო და აეროპორტების მაღალი ხარჯები მდგრადი ვერ იქნება“, – განაცხადა ო ლეარიმ.

ავიაკომპანია საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებს, რომელიც 10 პილოტისა და ეკიპაჟის 60 წევრისგან შედგება, ალტერნატიულ პოზიციებს შესთავაზებს ვიაკომპანიის ქსელში, მათ შორის ბრიუსელის „შარლეროის“ აეროპორტში, სადაც Ryanair-ს 15 საჰაერო ხომალდი ჰყავს ბაზირებული.

ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გადაწყვეტილება სეზონურია, თუმცა ო ლეარი აცხადებს, რომ Ryanair-ი ბრიუსელის ეროვნულ აეროპორტში მხოლოდ გადასახადების გაუქმების შემთხვევაში დაბრუნდება.

ბრიუსელის ეროვნული აეროპორტი ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას ბრიუსელის აეროპორტიდან შესრულებულ ფრენებზე მხოლოდ მცირედი გავლენა ექნება, ვინაიდან ანალოგიურ მიმართლებებს მგზავრებს სხვა ავიაგადამზიდავებიც სთავაზობენ. გამონაკლისია მხოლოდ პიზა (იტალია) და ამანის დედოფალ ალიას სახელობის აეროპორტი (იორდანია). აეროპორტმა ასევე განმარტა, რომ აეროპორტის მოსაკრებლის ზრდა გამოიწვია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ, რამაც აეროპორტის ოპერირების ხარჯები ძალიან გაზარდა.