საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 2021 წელს საჰაერო სამგზავრო გადაყვანებზე ინფორმაციას ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნა (მგზავრ-კილომეტრი) პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 58,4%-ითაა შემცირებული. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე 2020 წლის მონაცემები, როდესაც ვარდნამ 2019 წელთან შედარებით 65.8%-ი შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურობაზე მოთხოვნა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 75,5%-ით ნაკლები იყო. გამტარუნარიანობა (იზომება სავარძელ-კილომეტრებში) 65.3%-ით შემცირდა, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 24 პროცენტული პუნქტით 58%-მდე.
2021 წელს შიდა მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით 28,2%-ით შემცირდა. გამტარუნარიანობა 19.2%-ით, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 9.3 პროცენტული პუნქტით 74.3%-მდე შემცირდა.
საჰაერო გადაყვანების მთლიანი მოცულობა 2021 წლის დეკემბერში 45,1%-ით ნაკლები იყო 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ნოემბერში 47%-ით ნაკლები პანდემიამდელ ნოემბერთან შედარებით. ანუ ყოველთვიური მოთხოვნა აღდგენას აგრძელებს, მიუხედავად „ომიკრონისა“. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გამტარუნარიანობა შემცირდა 37.6%-ით, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 9.8%-ით და 72.3%-მდე. სამოგზაურო შეზღუდვებმა დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურობის მოთხოვნის აღდგენა დაახლოებით ორი კვირით შეანელა.
“2021 წელს მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა – ხალხს უნდა მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურობის მოცულობა ჯერ კიდევ შორს არის ნორმისგან, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. საფრანგეთმა და შვეიცარიამ შეზღუდვის შემსუბუქებაზე უკვე განაცხადეს. დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინირებულ მოგზაურებზე ტესტირების მოთხოვნა გააუქმა. ვიმედოვნებთ, რომ მას სხვებიც მიბაძავენ, განსაკუთრებით აზიაში, სადაც რამდენიმე საკვანძო ქვეყანა ფაქტობრივად იზოლირებული რჩება”.