ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მინისტრმა, ვინსენტ კარემანსმა განაცხადა, რომ სამეფოში ამ ეტაპზე საავიაციო საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, მიუხედავად მასზე ფასების მკვეთრი ზრდისა. მინისტრის განმარტებით, პრობლემა არა საწვავის ფიზიკურ ნაკლებობაში, არამედ მის მაღალ ღირებულებაშია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებისა, ნიდერლანდებში მოხმარებული კეროსინის დიდი ნაწილი ადგილზევე იწარმოება.

კარემანსმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას გააჩნია საავიაციო საწვავის ხუთთვიანი სტრატეგიული მარაგი. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული არაპროგნოზირებადი ვითარების გამო სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა სიტუაციის საუკეთესო გამოსავალი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის სრული განბლოკვა იქნება.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა ავიაკომპანია KLM-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში 160 რეისს აუქმებს. ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ საწვავის გაძვირების გამო გარკვეული შიდაევროპული მარშრუტების შესრულება არარენტაბელური გახდა. გაუქმებული რეისები KLM-ის ევროპული ფრენების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, თუმცა კონკრეტული მიმართულებები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.