“ხაჭაპური ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ“-ამ სათაურით National Geographic სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი National Geographic-ის ონლაინ მკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს.
სტატიაში საქართველოს გასტრონომიული ასოციაციების, კულინარიული გიდების, გადაცემების წამყვანების, შეფებისა და კვების ობიექტების ინტერვიუებია ქართული სამზარეულოს შესახებ.
„თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს“,-წერს ჯენიფერ ჰათამი.
National Geographic-ის ჟურნალისტის თქმით ქართველ კულინარებს ხაჭაპურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ.
ინფლაციის დასაანგარიშებლად კი საქართველოში ხაჭაპურის ინდექსსაც იყენებენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს, ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხს და საფუარს“,-წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს სთავაზობს.
ხაჭაპურთან ერთად National Geographic-ის სტატიაში სხვა ქართული კერძები ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიოა აღწერილი.