სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის (CORSIA) ეტაპობრივი დანერგვისა და საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ, ატმოსფეროში გაფრქვეული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის მიზნით, ცვლილება შევიდა „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს N142 ბრძანება).

აღნიშნული ცვლილების თანახმად, ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებენ 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საერთაშორისო ფრენებზე, ვალდებულნი არიან შეინახონ ამავე ფრენებთან, მათ შორის, ამავე ფრენებზე გამოყენებულ საწვავთან დაკავშირებული ჩანაწერები 24 თვის განმავლობაში.

24 თვით შენახვას დაქვემდებარებული ჩანაწერების დეტალური სია მოცემულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 9501-ის („გარემოს დაცვის ტექნიკური სახელმძღვანელო“) IV ტომის („საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“) 3.3.5.2. პარაგრაფში.

ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემა (CORSIA) ვრცელდება საერთაშორისო ფრენებზე და მიზნად ისახავს საერთაშორისო ავიაციის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას, გამოყოფილი CO2-ის ფინანსური კომპენსირებისა და ბიოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენების ხარჯზე ნაკლები CO2-ის გაფრქვევის გზით. CORSIA-ს მოქმედების ქვეშ ექცევა ავიაკომპანია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მინიმუმ ერთ საჰაერო ხომალდს მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით 5,700 კგ ან მეტი, ასრულებს საერთაშორისო ფრენებს და მის მიერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოფრქვეული ნახშირორჟანგის მოცულობა შეადგენს მინიმუმ 10 ათას ტონას. სქემა ერთნაირად ვრცელდება სამგზავრო და სატვირთო ფრენებზე. სქემის ქვეშ არ ექცევა სამედიცინო, ჰუმანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ფრენები.

საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოში აღნიშნული სქემის დანერგვის მიზნით, შემდეგ ეტაპზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ იგეგმება შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება. გარე განხილვის პროცესის ფარგლებში, პროექტი შენიშვნებისა და წინადადებებისთვის წარედგინება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს.