ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომელთაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

Myway Airlines-ში აცხადებენ, რომ რეისი ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.  საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.