მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიაკომპანიის დაგეგმილი ავიარეისების გაუქმების შემდეგ, საავიაციო ინდუსტრიის დღის წესრიგში სპეცრეისების დანიშვნისა და განხორციელების ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადასვლა დადგა, – ამის შესახებ ავიაციის სფეროს სპეციალისტმა თამუნა თანდაშვილმა bm.ge-სთან ისაუბრა. მისი თქმით, 3 აპრილის ბერლინიდან და ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იგეგმება:

საავიაციო სამყარო ურთიერთ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე დგას. ეს პარტნიორობა როგორც კომერციულ, ასევე სტრატეგიულ ქსელურ ხასიათს ატარებს. რატომ თანამშრომლობენ კონკურენტი ავიაკომპანიები ერთმანეთთან და როგორ ხდება რომ ერთმანეთის რეისებზე მგზავრებს ცვლიან. ტექნიკურ ენაზე, ავიაციაში ამ თანამშრომლობას კოდების გაზიარება (Code share) და ინტერლაინ პარტნიორობა ქვია. ამ გზით ავიაკომპანიები მგზავრებს უფრო მეტი ავიამიმართულებებით ფრენის შესაძლებლობას აძლევენ, დამატებითი რეისების დანიშვნის გარეშე. ასე უფრო ბიუჯეტურია და რისკები ნაკლები. მაგალითად, ამერიკიდან საქართველოში ჩამოსასვლელად, ჩვენ ხშირად ამ თანამშრომლობას ვიყენებთ – ავიაკომპანია “დელტა” და “ჯორჯიან ეარვეისის” პარტნიორობით. ასე თანამშრომლობს მრავალი წელია ეროვნული ავიაკომპანია ავსტრიის ავიახაზებთან, ფრანგულ თუ ჰოლანდიურ ავიაკომპანიებთან. პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს საავიაციო სექტორში და მნიშვნელოვან კავშირებს ამყარებს და ავითარებს ქვეყანათა შორისაც.

შექმნილ გლობალურ კრიზისში, ათასობით მოქალაქე თავის ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობს, მათ შორის ათასობით საქართველოს მოქალაქე. ისინი დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენი ქვეყნის პირველი პირების მიერ ქვეყანაში დაბრუნების დაგეგმილ და შეთავაზებულ სქემას.

პროცესი რთული და კომპლექსურია. მოითხოვს საპასუხიმსგებლო საკომუნიკაციო, ტექნიკურ, ფინანსურ და რაც მთავარია კომპეტენტურ ადამიანურ რესურსებს. საელჩოებისა და საკონსულოების სრული მოცულობით ჩართულობას, მათ კომუნიკაციას პერიმეტრების მიხედვით მყოფ სათვისტომოებსა თუ სამოგზაუროდ მყოფ მოქალაქეებთან, ავიაკომპანიების კომუნიკაციას მგზავრებთან, პირობების შეთანხმებას, პრიორიტეტების განსაზღვრას და რაც მთავარია ქვეყნების მმართველი რგოლების მყისიერ გეგმას და მისი განხორციელების ეფექტურ გზებს.

ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეთა ავიატრანსპორტირების მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ითავა და ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო ტრანსპორტირების პირველადი გეგმის შემუშავება.
საქართველოს ხელისუფლებამ, საელჩოებისა და საკონსულოების ჩართულობით მოიკვლია ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილი მოქალაქეების სტატუს ქვო და შესაბამისად გამოიკვეთა პრიორიტეტული ავიამიმართულებები, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შეძლეს რეისების გაუქმებამდე ქვეყანაში დაბრუნება.

ასეთ დროს მნიშვნელოვანი და ჰაერივით საჭიროა ადგილობრივი ავიაკომპანია, რომელიც გლობალური კრიზისის დროს ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების უპირობო გარანტიაა. სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას აუცილებლად ესაჭიროება მოქნილი მაღალტექნოლოგიური სერვისები.

მეორე მხრივ, საჭიროა ქვეყნის საავიაციო ელემენტების- აეროპორტების, აეროპორტების მმართველი ორგანიზაციების, და სხვა სამთავრობო კომპეტენტური ორგანოების ეფექტური კომუნიკაცია საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რადგან როგორც ჩვენი მოქალაქეები მოხვდნენ ფარგლებს გარეთ, ასევე ის მრავალრიცხოვანი ტურისტიც ჩვენს ქვეყანაში საჭიროებენ უკან უსაფრთხო დაბრუნებას.

გამოწვევა დიდია. სოციალურ მედიაში მოქალაქეების ხმა ხმამაღლა ისმის და ისინი შიშით ადევნებენ თვალყურს განვითარებულ მოვლენებს.  სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო ამ ეტაპზე ეფექტურად უმკლავდება ვირუსის გავრცელებას, შესაბამისად მგზავრების რიცხვში არამხოლოდ მოგზაურები, არამედ სამუშაოდ წასული ადამიანები, სტუდენტები და სათვისტომოების დიდი ნაწილია.

მთავრობამ შეიმუშავა გეგმა და შეადგინა პრიორიტეტების მიხედვით ავიამიმართულებების ის ნუსხა, საიდანაც ეტაპობრივად დაიგეგმა მოქალაქეთა ავია ტრანსპორტირება.

ამ გეგმის მიხედვით 3 აპრილს, ორი ავია რეისი შესრულდება:
1. პოლონეთის ავიახაზების “ლოტ ფოლიშ ეარლაინს” დაგეგმიალია ემბრაერის ტიპის 112 ადგილიანი ხომალდის ფრენა ვარშავა თბილისის მიმართულებით.
ავიაბილეთების რეალიზაცია ავიაკომპანიის ვებ გვერდზე პოლონეთის დროით 10 საათზე, საქართველოს დროით კი 12 საათზე დაიწყება.
2. ქართული ავიაკომპანია “ ჯორჯიან ეარვეიზის” მიერ დაგეგმილია ბოინგის ტიპის 180 ადგილიანი ხომალდით რეისის განხორციელება – ბერლინიდან საქართველოს მიმართულებით.

ავიაბილეთების რეალიზაცია განხორციელდება ასევე ავიაკომპანიის ვებ გვერდზე.

მოქალაქეთა ქვეყანაში დაბრუნების გეგმა ეტაპობრივად ხორციელდება და მაქსიმალურად სინქრონიზირებულია ქვეყანაში შესაბამისი საკარანტინო ინფრასტრუქტურის მომზადებასთან და კორონავირუსთან გამკლავების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან”, – აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.

წყარო:BM.GE