მსოფლიოში თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებზე მოთხოვნა იზრდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ლატვიას სურს თავის საჰაერო ბაზებზე თურქული Bayraktar TB2 განათავსოს. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიქსმა გააკეთა.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვიქნებით, თუ თურქეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ლატვიაში Bayraktar TB2-ს განათავსებს. თუ ისინი მათ ჩვენს საჰაერო ბაზებზე 3-დან 6 თვემდე ვადით განალაგებენ, ჩვენ შეგვეძლო მათი გამოცდა და სადამკვირვებლო მისიებისთვის გამოყენება”, – ამბობს მინისტრი.
პაბრიქსის თქმით, ეს იქნებოდა მისასალმებელი მხარდაჭერა.
იმავდროულად, თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ რიგა გაზაფხულზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ვიზიტს ელოდება. მისივე თქმით, ლატვია ელის “პოლიტიკურ მხარდაჭერას თურქეთისგან, პირველ რიგში ნატოს ფარგლებში”.