ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრებად დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნას არ გამორიცხავს.
როგორც AviaNews-ს Georgian Airways-ში განუცხადეს, ავიაკომპანიამ უკვე დანიშნა სპეციალური რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის და დიუსელდორფის მიმართულებით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავიაბილეთების რეალიზაცია ამ რეისებზე.
„ამ დროისთვის გაყიდულია დაახლოებით 50%. სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც დაიწყება მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა და ჩემპიონატზე დასწრების მსურველები შეიძენენ ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებს და სასტუმროს დაჯავშნიან, ავიაბილეთების შეძენის საკითხი უფრო აქტუალური გახდება. მოთხოვნის შესაბამისად, სავარაუდოდ, დაინიშნება დამატებითი ჩარტერული ფრენებიც“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა.