უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ის გენერალური აგენტი საქართველოში კომპანია “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამირან აბესაძე მიიჩნევს, რომ უკრაინა-საქართველოს შორის რეგულარული რეისების აღდგენის შემდეგ მგზავრთნაკადი გაიზრდება.
აბესაძე ამბობს, რომ ორივე მხრიდან მოთხოვნა მზარდია, თუმცა მაინც ყველაფერი სასაზღვრო რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.
“ცხადია 1-ელი თებერვლიდან ავიაკომპანიები რეგულარულ ფრენებს ვერ დაიწყებენ და ეს სავარაუდოდ 7-10 თებერვლიდან მოხდება. ამ ეტაპზე მთავარია, როგორი იქნება საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმი. რაც ამ ეტაპისთვის კონკრეტიზირებული არ არის. თუმცა გახსნის შემდეგ ვარადუდობთ, რომ თუ კი დღეს კვირაში ერთ ჩარტერული რეისია, კვირაში 7-8 რეგულარულ რეისს შევასრულებთ. მოთხოვნა ორივე მხრიდან არის”, განმარტავს “ავიაქსელის” ხელმძღვანელი.
ამირან აბესაძის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციები ტურისტების ჩამოსვლას ვერ შეაფერხებს, რადგანაც ისინი ქვეყანაში ძირითადად დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან. თუმცა ეს ყველაფერი კი ტურისტულ სააგენტოებს უბიძგებს, რომ უკრაინელ მგზავრებზე იმუშაონ და ერთიანი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ.
“ეს გარკვეული დისკომფორტია და რაღაც რაღაცეებს გააძვირებს მგზავრებისთვის, მაგრამ უნდა მოვერგოთ.
ძალიან ბევრ უკრაინელს აქვს შეძენილი უძრავი ქონება საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმში და 1 წელზე მეტია საქართველოში არ ყოფილან და ეს მოძრაობა აუცილებლად დაიწყება”, მიიჩნევს ამირან აბესაძე.
მისივე თქმით, Skyup Airlines-ი უკრაინა-საქართველოს შორის რეგულარულ ფრენებს საწყის ეტაპზე კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე განაახლებს და სათანადო მოთხოვნის გაჩენის შემდეგ კი კიევსა და ბათუმს შორისაც იფრენს.
“ვფიქრობთ საწყის ეტაპზე, ბათუმის მიმართულებაზე არ იქნება ისეთი ნაკადი, რომ რეისმა თავისი თავი გაამართლოს. ვგეგმავთ, რომ თბილისზე დავიწყოთ და მგზავრებს დავეხმაროთ საქალაქთაშორისო გადაადგილებაშიც. ამ მხრივ გარკვეული წვლილი ჩვენც უნდა შევიტანოთ”, აცხადებს ამირან აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ Skyup Airlines-ს საქართველოს ავიაბაზარი რეგულარული ფრენების დახურვის შემდეგაც არ დაუტოვებია. ავიაკომპანია უკრაინა-საქართველოს შორის ჩარტერულ რეისებს ასრულებდა და მგზავრების ტრანსპორტირების უფლება მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე ქონდა.