როდესაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესი შეზღუდული რჩება, ზამთრის კურორტები დაკეტილია და იხსნება საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა, ეს ტურიზმის გახსნის თანმიმდევრულ სტრატეგიულ გეგმაზე არ მეტყველებს, – მიიჩნევს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ​ავიაკომუნიკატორის პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი.

თანდაშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს რეგულაციების შემსუბუქების არალოგიკური ჯაჭვი. 

“მთავრობის მხრიდან, შეზღუდვების დაწესება და მისი მართვა როცა რეალურ საფრთხეებზე და მათი არიდების ლოგიკურ მექანიზმზე დგას, არც ერთ ინდუსტრიას არ აქვს პრეტენზია. ამის მაგალითი ვნახეთ ჩვენ აპრილში. დავსხედით სახლში და მივენდეთ მთავრობას. ინსტიტუციების პატივისცემა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კულტურა თუ არ დავხვეწეთ, დემოკრატიული პროცესების იმედი არ უნდა გვქონდეს საზოგადოებას. 

ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის სფეროს მართვა სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. ის რეგულაციები რომელიც არ არის ნაკარნახევი დარგის სიცოცხლისუნარიანობის დეტალური შესწავლით, იწვევს სფეროს შესუსტებას და ქაოსს.

მაშინ როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეზღუდული რჩება და იხსნება საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა, ტრანსპორტის მართვის მაღალკვალიფიციურ გადაწყვეტილებებზე ვერ მეტყველებს. 

მაშინ როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვა და დედაქალაქში დახურული რჩება სარესტორნო სერვისი, ასევე არ მეტყველებს ტურიზმის გახსნის თანმიმდევრულ სტრატეგიულ გეგმაზე.

მაშინ,  როცა იხსნება ფრენებზე შეზღუდვა ზამთრის დაბალ სეზონზე, (საავიაციო კალენდარში თებერვალი ყველაზე ნაკლებად დატვირთული თვეა) ზამთრის კურორტები დაკეტილია, ეს ყოველივე კურორტების განვითარების გეგმაში აცდენაზე მიგვითითებს.

მაშ ვისთვის იხსნება საჰაერო სივრცე? 

რეგულაციები ქვეყანაში შემოსვლის შესახებ თუ რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი, განვლილი დღეები რას ეთმობოდა? 

კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს რეგულაციების შემსუბუქების არალოგიკური ჯაჭვი. მხოლოდ ფაქტების გამოქვეყნება, – აჭარა და კახეთი გვაქვსო, და ისევ იმ რისკებთან მივყავართ, რაც აგვისტოში “თავაშვებული, ურეგულაციო გართობის” პრეცენდენტმა შექმნა. 
სამართლიანია კერძო სექტორის კრიტიკა.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ფორმატში 30 ნოემბერს მივმართეთ ოფიციალური წერილით მმართველ ხელისუფლებას და 27 ორგანიზაციის, მათ შორის 13 ასოციაციის და მის უკან მდგომი 2000 კომპანიის თხოვნა პასუხის გარეშე დარჩა. 
დღევანდელ დღეს გაცხადებული რეგულაციები არ მიუთითებს კერძო საჯარო სფეროების ეფექტურ თანამშრომლობაზე. 
მე მჯერა, რომ გვაქვს საერთო რესურსი მთავრობის ეფექტური მუშაობის ხელშესაწყობად, უბრალოდ ნებაა მთავარი. სოც ქსელებში არსებული ჯგუფები, სადაც კერძო და საჯარო პირები არიან გაერთიანებული, კომუნიკაციის გამჭირვალობაზე მიუთითებს, მაგრამ არა ეფექტურობაზე. 

დახურული სარესტორნო სფერო და სამთო კურორტები, გახსნილ ბაზრობებთან მიმართებაში, ვერ გვარწმუნებს რომ კოვიდ ინფიცირების მობილობა ხელისუფლების მხრიდან დაცულია. 
რეალობა ასეთია, სფერო ითხოვს სამთო კურორტების გახსნას და სარესტორნო სფეროს ამუშავებას, მაშინ როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვები”, აცხადებს თანდაშვილი.