მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აეროპორტ „სტამბოლის“ მგზავრთა რაოდენობა 100 მილიონს გადააჭარბებს
აეროპორტი „სტამბოლი“ ოთხი წლის განმავლობაში უმსხვილეს ხუთეულში მოხვდება და მისი მგზავრების რაოდენობა 100 მილიონს გადააჭარბებს, დარწმუნებულია აეროპორტის ოპერატორის IGA-ს აღმასრულებელი დირექტორი კადრი სამსუნლუ.
თუ კი ევროპაში ავიაკომპანიები კვლავ ცდილობენ დაძლიონ პანდემიის შედეგები, სტამბოლის აეროპორტში მგზავრთნაკადი 10%-ით გადააჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელს და წელს 75 მილიონს მიაღწევს.
2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით უკვე 24%-ით გაიზარდა და თითქმის 51 მილიონი შეადგინა.
საერთაშორისო მგზავრთნაკადი 26%-ითაა გაზრდილი და 38,4 მლნ-ს აღწევს, შიდა მგზავრების რაოდენობა კი დაახლოებით 12,5 მილიონი იყო, რაც 17%-იანი ზრდაა.
კადრი სამსუნლუს თქმით, აეროპორტში მოგზაურები 130 ქვეყნიდან ჩამოდიან. ათი წლის წინ ტრანზიტული მოგზაურები თითქმის არ იყო, დღეს კი 35-40%-ია.
„პანდემიის დროს გვირაბის ბოლოს სინათლე 16 თვის განმავლობაში ვერ დავინახეთ. შემდეგ გავხსენით მესამე ასაფრენი ბილიკი, რომლის მშენებლობაში 734 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩავდეთ“, – განაცხადა მან.
ამჟამად აეროპორტის სიმძლავრის 25% გამოუყენებელია, მაგრამ მეოთხე ასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც 500 მილიონ ევროდ არის შეფასებული, უკვე დაწყებულია, ის ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2026 წლის აგვისტოში შევა.
კომპანია ასევე აშენებს ახალ გენერალურ საავიაციო ტერმინალს, რომლის ღირებულებაა 30 მილიონი ევრო, რომლის გახსნაც 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა აზიის ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და მალაიზია, ასევე აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, გავხდეთ „სუპერ ჰაბი“, თქვა სამსუნლუმ.
შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში სტამბულის აეროპორტი დასახელდა “ევროპის საუკეთესო აეროპორტად 40 მილიონზე მეტი მგზავრით”, ასევე “ევროპის ყველაზე სუფთა აეროპორტად”.