ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) და მალტის რესპუბლიკის ტრანსპორტის სფეროს მართვის სახელმწიფო უწყების (Transport Malta) ერთობლივი მოწვევით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ქალაქ ვალეტაში იმყოფებოდა, სადაც ECAC-ის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა სპეციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის რეგიონისათვის პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ შეხვედრა გამართეს ICAO-ს გენერალურ მდივანთან ხუან კარლოს სალაზართან და ამავე ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან ნიკოლას რალოსთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ორგანიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობაზე და სააგენტოს აქტივობებზე, რომლებიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის საკითხს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. შესაბამისად, ICAO-ს მიერ სოხუმის აეროპორტს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი არ მიენიჭება, სანამ აღნიშნულზე ორგანიზაციას არ მიმართავს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.