ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი თბილისში ახალი აეროპორტის აშენების იდეას მიესალმება და მიაჩნია, რომ ახალი აეროპორტი ახალ გამოწვევებთან თანხვედრაში იქნება.

„არსებული აეროპორტი იმთავითვე არ პასუხობს იმ მოთხოვნებს რაც უნდა იყოს უსაფრთხოების კუთხით: ორივე მხრიდან ასაფრენ/დასაფრენ ზოლს აქვს ხევი: ერთი ლოჭინის ხევი, მეორე ორხევი. 1992 წელს თვითმფრინავი ვერ აფრინდა, რადგანაც არ ეყო ზოლის სიგრძე და დაუწვა. ბევრი პარამეტრებია, რომლიც მომავალი განვითარების გეგმებს არ პასუხობს. ადგილმდებარეობა მისი არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. ის როდესაც 30-იან წლებში აშენდა მაშინ ალბათ იმდროინდელ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. დღეს, დღევანდელ რეალობაში ის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება.

მივესალმები თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ახალი აეროპორტი ააშენოს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა ააშენოს ეს აეროპორტი და თუ მართვაში გადაცემაზე დადგება საკითხი, მაშინ როგორც სასტუმროების შემთხვევაში ხდება და ის მართვაში რომელიმე საერთაშორისო ბრენდს გადაეცემა იქ მაქსიმუმ 12%-ის წაღებაა შესაძლებელი მართვის უფლებით და არა 100%-ის“, – აცხადებს გაიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა თებერვალში გააჟღერა.

შემდეგ ფინანსთა მინისტრმაც მისი მშენებლობის აუცილებლობაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება – დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება“.

მინისტრის თქმით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.