საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “ერისიონი” წარმომადგენლებს შეხვდა.
მაია ომიაძე და ტუროპერატორები „ერისიონის“ განახლებულ პროგრამას გაეცნენ. ტუროპერატორებმა ანსამბლთან თანამშრომლობის, ტურის დაგეგმვისას ტურისტებისათვის კონცერტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტუროპერატორები მოგზაურებს ფოლკლორულ ტურებს შესთავაზებენ.
„ქართული ცეკვა და სიმღერა ნამდვილად არის ის განსაკუთრებული საგანძური რომელიც მსოფლიოში გამოგვარჩევს და ყველას აღფრთოვანებას იწვევს, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვენახა ახალი შოუ, რომელსაც ერისიონი წარადგენს ფართო საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
„ჩვენმა სტუმრებმა „ერისიონის“ სრული პროგრამა იხილეს, რომელსაც მალე მაყურებლის წინაშე წარვადგენთ. ეს პროგრამა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ნაჩვენები იყო საუკეთესო ნიმუშები, როგორც ქორეოგრაფიულ ნაწილში, ასევე გუნდის რეპერტუარში, ასევე საფერხულო ნომერი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია“,-აცხადებს შერმანდი ჭკუასელი “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი.
“ძალიან მომეწონა წარმოდგენა, შესანიშნავი შოუ იყო, საცეკვო ილეთები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, მთელ მსოფლიოში ყველას ვუწევ რეკომენდაციას ქართული ცეკვები იხილონ“,-ამბობს რეი მინგმინი მოგზაური ჩინეთიდან.