გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ, მოდის სახლ BOSS-თან კოლაბორაციით, თანამშრომელთა ახალი ფორმები წარადგინა. ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ავიაკომპანია ეტაპობრივად დანერგავს 40-მდე ახალ და განახლებულ სამოსს, რომელთა დიზაინიც ბრენდის ტრადიციულ ფერებში – ელეგანტურ მუქ ლურჯსა და საკულტო ყვითელშია გადაწყვეტილი. დიზაინის შექმნის პროცესში ჩართული იყვნენ თავად ავიაკომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტიდან, რაც უზრუნველყოფს სამოსის მაქსიმალურ კომფორტს, ფუნქციურობასა და გამძლეობას.
ახალი კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია კეიპი ბორტგამცილებლებისა და მიწისზედა პერსონალისთვის, რომელიც ერთდროულად გამოხატავს პატივისცემას ავიაკომპანიის ისტორიის მიმართ და სიმბოლურად მომავლისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. Lufthansa-სა და BOSS-ის პარტნიორობა ეფუძნება ხარისხს, სიზუსტესა და კლასიკურ დიზაინს. აღსანიშნავია, რომ პროექტი რესურსების დაზოგვაზეა ორიენტირებული – თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ახალი და ძველი ფორმის დეტალები ერთმანეთს სურვილისამებრ შეუხამონ. განახლებული უნიფორმების სრული დანერგვა ეტაპობრივად, 2026 წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყება.










